MED-EL, Miriam
გამოქვეყნებულია Nov 26, 2026
ცალმხრივი სიყრუე ბავშვებში: მიზეზები, გავლენა და რეაბილიტაცია
ცალმხრივი სიყრუის (SSD) მქონე ბავშვებში ორივე ყურით სმენის შესაძლებლობის არარსებობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ხმაურში მეტყველების გაგებაზე, ხმის მიმართულების განსაზღვრაზე, სწავლის პროცესსა და ყოველდღიურ კომუნიკაციაზე. სტატიაში განვიხილავთ ცალმხრივი სიყრუის გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს, შევადარებთ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს და ავხსნით, თუ როგორ შეუძლია კოხლეარულ იმპლანტაციას, მიზანმიმართულ სარეაბილიტაციო თერაპიასა და ოჯახის მხარდაჭერასთან ერთად, ბავშვს ორივე ყურით სმენის უპირატესობების მიღებაში დაეხმაროს.
ცალმხრივი სიყრუე (Single-Sided Deafness – SSD) გულისხმობს ცალმხრივ, მძიმე ან ღრმა ხარისხის სენსონევრულ სმენის დაქვეითებას, როდესაც დაზიანებულ ყურში სმენის ზღურბლი 70 დბ-ს ან მეტს შეადგენს, ხოლო მეორე ყურის სმენის ფუნქცია პრაქტიკულად შენარჩუნებულია. დაზიანებულ ყურში სმენის აპარატის გამოყენებით მიღებული სარგებელი შეზღუდულია.
ცალმხრივი სიყრუე და ასიმეტრიული სმენის დაქვეითება
კლინიკურ პრაქტიკაში ცალმხრივი სიყრუე ხშირად განასხვავებენ ასიმეტრიული სმენის დაქვეითებისგან (Asymmetrical Hearing Loss – AHL).
ასიმეტრიული სმენის დაქვეითება ხასიათდება ერთი ყურის მძიმე ან ღრმა ხარისხის სმენის დაქვეითებით (≥70 დბ HL), ხოლო მეორე ყურში მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სმენის დაქვეითებით (30–55 დბ HL).
ასიმეტრიულ სმენად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც სმენის დაქვეითების ხარისხი ორივე ყურში განსხვავებულია. სმენის ზღურბლებს შორის სხვაობა, კონკრეტული განსაზღვრების მიხედვით, შესაძლოა შეადგენდეს ≥15 დბ-ს ან ≥40 დბ-ს.
გავრცელება
ცალმხრივი სიყრუის გავრცელება ასაკის მიხედვით განსხვავდება. ახალშობილთა დაახლოებით 1-ს ყოველ 1000-დან ცალმხრივი სიყრუე აღენიშნება. სკოლაში შესვლის ასაკისთვის კი ცალმხრივი სმენის დაქვეითების გავრცელება მრავალ პოპულაციაში დაახლოებით 3–6%-მდე იზრდება.[1]
აღნიშნული ზრდა შესაძლოა აიხსნას სმენის დაქვეითების გვიან გამოვლენადი ფორმებით, რომელთა აღმოჩენაც ახალშობილთა სმენის სკრინინგის დროს ვერ ხერხდება.
ზოგადად, ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სმენის დარღვევების გამოვლენის მაჩვენებელი. ეს კი ადრეული კონსულტაციისა და მკურნალობის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.
გამომწვევი მიზეზები
ცალმხრივი სიყრუის გამომწვევი მიზეზები განსხვავდება იმის მიხედვით, სმენის დაქვეითება თანდაყოლილია თუ მეტყველების განვითარების შემდეგ არის შეძენილი.
Usami-სა და თანაავტორების კვლევის მიხედვით, თანდაყოლილი ცალმხრივი სიყრუის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა კოხლეარული ნერვის აპლაზია ან ჰიპოპლაზია. მათ მოსდევს თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექცია და ყბაყურა.[2] ასევე ხშირია შიდა ყურის განვითარების ანომალიები. შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
თანდაყოლილი ასიმეტრიული სმენის დაქვეითების შემთხვევებშიც მსგავსი ტენდენცია შეინიშნება: ყველაზე ხშირად გამოვლენილ მიზეზებს ციტომეგალოვირუსული ინფექცია და კოხლეარული ნერვის აპლაზია ან ჰიპოპლაზია წარმოადგენს. თუმცა, შემთხვევათა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის (დაახლოებით 43%) კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
მეტყველების განვითარების შემდეგ შეძენილი ცალმხრივი სიყრუისა და ასიმეტრიული სმენის დაქვეითების შემთხვევაში მიზეზები განსხვავებულია. ყველაზე ხშირად გვხვდება იდიოპათიური სმენის დაქვეითება და გაურკვეველი ეტიოლოგიის შემთხვევები. მათ მოსდევს ქრონიკული შუა ყურის ანთება, ქოლესტეატომა და ვესტიბულური შვანომა.
გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე
მიუხედავად იმისა, რომ მეორე, ფუნქციურად შენარჩუნებული ყური მშვიდ გარემოში ყოველდღიურ სიტუაციებში გარკვეულწილად აკომპენსირებს სმენის დანაკარგს, ცალმხრივი სიყრუის მქონე ბავშვებს რთულ აკუსტიკურ გარემოში მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნებათ. ეს განსაკუთრებით ვლინდება ფონურ ხმაურში მეტყველების გაგებისა და ხმის სივრცითი მიმართულების განსაზღვრისას (ხმის ლოკალიზაცია).[3]
შესაძლო შედეგებს შორისაა დამატებითი საგანმანათლებლო მხარდაჭერის საჭიროების ზრდა, აკადემიური მოსწრების გაუარესება და კლასში დარჩენის (წლის გამეორების) მომატებული რისკი.[5]
Lieu-სა და თანაავტორების კვლევის მიხედვით, პედაგოგებისთვის ცალმხრივი სმენის დაქვეითების შეუმჩნევლობა და ამ მდგომარეობის შესახებ არასაკმარისი ცოდნა შესაძლოა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად აისახოს. კვლევამ აჩვენა, რომ ცალმხრივი სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებს ზოგჯერ უფრო დაბალი აკადემიური შედეგები აქვთ, ვიდრე საშუალო ხარისხის სმენის დაქვეითების მქონე იმ ბავშვებს, რომლებიც სპეციალიზებული სერვისებით სარგებლობენ.[6]
მეტყველების განვითარება და არტიკულაცია
სისტემური კვლევები აჩვენებს, რომ ცალმხრივი სიყრუის მქონე ბავშვების დიდ ნაწილს მეტყველების გაგების უნარი ნორმის ფარგლებში აქვს. თუმცა, არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს გარკვეულ სირთულეებზე მორფოლოგიურ-სინტაქსურ უნარებში, აქტიურ ლექსიკურ მარაგსა და არტიკულაციაში (მაგალითად, გავლენა შესაძლოა შეინიშნებოდეს სიბილანტებისა და თანხმოვანთა თანმიმდევრობის წარმოთქმაზე).[7]
აღნიშნული ცვლილებები მრავალფაქტორული ხასიათისაა. ერთი მხრივ, ისინი უკავშირდება შემცირებული აკუსტიკური ინფორმაციის მიღებას, ხოლო მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში დაგროვილ სმენით და კოგნიტურ დატვირთვას, რომელიც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს,[8] ასევე ენობრივად მდიდარ კომუნიკაციურ გარემოში ბავშვის მონაწილეობის შემცირებას.
ცალმხრივი სიყრუის მკურნალობის მეთოდები
ცალმხრივი სიყრუე ხშირად მკურნალობის გარეშე რჩება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გაცნობიერებული არჩევანი არ არის და ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო მეთოდების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული.
CROS ტიპის სმენის სისტემები და ძვლოვანი გამტარობის სმენის სისტემები არ უზრუნველყოფს ორივე ყურით სრულფასოვან სმენას და, შესაბამისად, ვერ აღადგენს ბინაურალური სმენის ფუნქციებს.
მიუხედავად ამისა, ძვლოვანი გამტარობის სისტემები ხშირად უკეთეს ხმოვან გადაცემას უზრუნველყოფს CROS სისტემებთან შედარებით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სმენის დამუშავება კვლავ მონაურალურია (ერთი ყურით სმენა), რადგან ორივე მხრიდან მიღებული ხმოვანი ინფორმაცია რეალურად ერთ ყურში აღიქმება.[9]
ამჟამად, ცალმხრივი სიყრუის დროს ბინაურალური სმენის აღდგენისა და მასთან დაკავშირებული სმენითი უნარების განვითარების შესაძლებლობას კოხლეარული იმპლანტაცია წარმოადგენს.
კოხლეარული იმპლანტაცია ქირურგიულ ჩარევას, შემდგომ ადაპტაციასა და სარეაბილიტაციო პროცესს მოითხოვს. თუმცა, მას შეუძლია ხელი შეუწყოს ბინაურალური სმენის უპირატესობების აღდგენას, მათ შორის:
- ხმის მიმართულების განსაზღვრის უნარის გაუმჯობესებას;
- ბინაურალური ჩახშობის ეფექტის აღდგენას;
- ფონურ ხმაურში მეტყველების უკეთ გაგებას.[12]
სხვადასხვა კვლევა ადასტურებს ადრეული დიაგნოსტიკისა და კონსულტაციის მნიშვნელობას, რათა შეიქმნას ორივე ყურით სმენის განვითარების საუკეთესო საფუძველი.[10]
Rauch-ისა და თანაავტორების მიხედვით, თანდაყოლილი ცალმხრივი სიყრუის შემთხვევაში კოხლეარული იმპლანტაციისთვის ოპტიმალური პერიოდი დაახლოებით 12 თვის ასაკია, ხოლო დიაგნოზის დასმა სასურველია ბავშვის 3 წლამდე ასაკში მოხდეს. თუმცა, უფრო ახალი კვლევები მიუთითებს, რომ აღნიშნული ასაკობრივი ზღვარი მკაცრ შეზღუდვად არ უნდა განვიხილოთ.
Park-ისა და თანაავტორების კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ასაკობრივი პერიოდის შემდეგ იმპლანტირებული ბავშვებიც იღებენ კოხლეარული იმპლანტისგან მნიშვნელოვან სარგებელს. შედეგები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმპლანტაციის ასაკზე, არამედ ისეთ ფაქტორებზეც, როგორიცაა მოწყობილობის გამოყენების ხანგრძლივობა (დღის განმავლობაში სმენის მოწყობილობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი), სიყრუის ხანგრძლივობა, ოჯახის მხარდაჭერის ხარისხი და სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტიანობა.[11]
სამეცნიერო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მიგნებაა ის, რომ თანდაყოლილი ცალმხრივი სიყრუის დროს უფრო ადრეულ ასაკში ჩატარებული კოხლეარული იმპლანტაცია უკეთეს შედეგებთან ასოცირდება.
კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და შემდგომი მეთვალყურეობა
ცალმხრივი სიყრუის მქონე ბავშვებში კოხლეარული იმპლანტაციის წარმატება მხოლოდ ქირურგიულ ჩარევაზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, რომელიც რამდენიმე ძირითად კომპონენტს მოიცავს:
- წინასწარი მომზადება – ბავშვისა და მშობლების ინფორმირება, რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბება და მათი მოტივაციის გაძლიერება;
- აუდიოლოგიური მომსახურება – კოხლეარული იმპლანტის ინდივიდუალური მორგება და რეგულარული პროგრამირება;
- მიზანმიმართული სმენითი და მეტყველების ვარჯიშები – განსაკუთრებით ინტენსიური მუშაობა იმპლანტაციის შემდგომ პირველ თვეებში;
- ფსიქოსოციალური მხარდაჭერა – ბავშვისა და მისი გარემოცვის დახმარება ადაპტაციის პროცესში.
თერაპიის მიმდინარეობისა და შედეგების შესაფასებლად მნიშვნელოვანია გაზომვადი მაჩვენებლების სტანდარტიზებული მეთოდით აღრიცხვა.
ასევე ეფექტიანია პრაქტიკული დამხმარე საშუალებების გამოყენება, რომლებიც ბავშვის მოტივაციასა და სარეაბილიტაციო პროცესში რეგულარულ ჩართულობას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი მაგალითია Daily Listening Hero Chart – ყოველდღიური სმენითი ვარჯიშების თვალყურის დევნებისა და წახალისების ცხრილი.
ცალმხრივი სიყრუის მქონე ბავშვებში მოსმენის სავარჯიშოების შესრულებისას ბუნებრივად დომინირებს მეორე, უკეთესი სმენის მქონე ყური, თუ ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალური ზომები არ იქნა მიღებული.
იმისთვის, რომ სმენითი ვარჯიშები კოხლეარული იმპლანტით მოსმენას ავითარებდეს და არა მეორე, ნორმალურად მსმენელ ყურს ეყრდნობოდეს, საჭიროა მეორე ყურის სმენითი ჩართულობის გამორიცხვა ან მისი დროებითი დაფარვა (ნიღბირება).
მშობლები ბავშვთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ნებისმიერი თერაპევტი. სწორედ ამიტომ, საუკეთესო შედეგების მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებისა და მზრუნველების სწორად ინფორმირება და მათი აქტიური ჩართულობა.
მათ უნდა მიეწოდოთ მკაფიო რეკომენდაციები და რეგულარული დადებითი უკუკავშირი, ნაცვლად იმისა, რომ მათ მხოლოდ ცალკეული სავარჯიშოების შესრულება დაევალოთ.
მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესში ბავშვის ყველა მზრუნველის ჩართვა და მათი როლის სწორად განსაზღვრა.
მაშინაც კი, როდესაც მშობლები სახლში სპეციალურად ორგანიზებულ სმენით აქტივობებს ატარებენ, მათ არ უნდა აიღონ მასწავლებლის როლი. უმჯობესია, ისინი ბავშვისთვის „აღმოჩენების გუნდის“ წევრები იყვნენ – ერთად იკვლევდნენ და აღმოაჩენდნენ ორივე ყურით მოსმენის ახალ გამოცდილებას.
იმის შესამოწმებლად, რამდენად ეფექტიანია ყურის დაფარვა (ნიღბირება), საჭიროა კოხლეარული იმპლანტის კოჭის მოხსნა და ცალკეული სიტყვების გამოყენებით შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი დაფარული ყურით მიწოდებულ ხმოვან ინფორმაციას ვერ აღიქვამს.
იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ბავშვმა სავარჯიშოს ინსტრუქცია სწორად გაიგო, სასურველია, თავდაპირველად მისი დემონსტრირება და ახსნა ორივე ყურით მოსმენის პირობებში მოხდეს, შემდეგ კი იგივე სავარჯიშო მხოლოდ კოხლეარული იმპლანტის გამოყენებით განმეორდეს.
ორივე მეთოდი ეფექტიანია სავარჯიშოების უმეტესობისთვის და მათი კომბინირებულად გამოყენებაც შესაძლებელია, ხელმისაწვდომი საშუალებების, ბავშვის ასაკისა და კონკრეტული აქტივობის თავისებურებების გათვალისწინებით.
ზოგიერთი სავარჯიშო კი მიზანმიმართულად აერთიანებს ბუნებრივი სმენითა და კოხლეარული იმპლანტით მოსმენას, რათა ცალმხრივი სმენითი უნარების განვითარების შემდეგ ხელი შეუწყოს ბინაურალური ინტეგრაციის ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას.
ასეთ სავარჯიშოებს მიეკუთვნება:
-
ხმის მიმართულების განსაზღვრა (ლოკალიზაცია);
-
დიქოტური სმენის სავარჯიშოები (როდესაც თითოეულ ყურს განსხვავებული ხმოვანი ინფორმაცია მიეწოდება);
-
ხმაურიან გარემოში მოსმენის სავარჯიშოები.
გამოყენებული ლიტერატურა
- Ross, D. S., Visser, S. N., Holstrum, W. J., Qin, T., & Kenneson, A. (2010). Highly variable population-based prevalence rates of unilateral hearing loss after the application of common case definitions. Ear and Hearing, 31(1), 126–133. https://doi.org/10.1097/AUD.0b013e3181bb69db
- Usami, S.-I., Kitoh, R., Moteki, H., Nishio, S.-Y., Kitano, T., Kobayashi, M., Shinagawa, J., Yokota, Y., Sugiyama, K., & Watanabe, K. (2017). Etiology of single-sided deafness and asymmetrical hearing loss. Acta Oto-Laryngologica, 137(Suppl. 565), S2–S7. https://doi.org/10.1080/00016489.2017.1300321
- Van Wieringen, A., Boudewyns, A., Sangen, A., Wouters, J., & Desloovere, C. (2019). Unilateral congenital hearing loss in children: Challenges and potentials. Hearing Research, 372, 29–41. https://doi.org/10.1016/j.heares.2018.01.010
- Weißgerber, T. (2021). Listening effort in SSD with and without CI. Schnecke, 111, 26.
- Lieu, J. E. (2004). Speech-language and educational consequences of unilateral hearing loss in children. Archives of Otolaryngology–Head & Neck Surgery, 130(5), 524–530. https://doi.org/10.1001/archotol.130.5.524
- Lieu, J. E., Tye-Murray, N., & Fu, Q. (2012). Longitudinal study of children with unilateral hearing loss. The Laryngoscope, 122(9), 2088–2095. https://doi.org/10.1002/lary.23454
- Sangen, A., Royackers, L., Desloovere, C., Wouters, J., & van Wieringen, A. (2017). Single-sided deafness affects language and auditory development: A case-control study. Clinical Otolaryngology, 42(5), 979–987. https://doi.org/10.1111/coa.12826
- Santopietro, G., Fancello, V., Fancello, G., Bianchini, C., Pelucchi, S., & Ciorba, A. (2024). Cochlear implantation in children affected by single-sided deafness: A comprehensive review. Audiology Research, 14(1), 77–85. https://doi.org/10.3390/audiolres14010007
- Chandrasekar, B., Hogg, E. S., Patefield, A., Strachan, L., & Sharma, S. D. (2023). Hearing outcomes in children with single sided deafness: Our experience at a tertiary paediatric otorhinolaryngology unit. International Journal of Pediatric Otorhinolaryngology, 167, Article 111296. https://doi.org/10.1016/j.ijporl.2022.111296
- Rauch, A. K., Arndt, S., Aschendorff, A., Beck, R., Speck, I., Ketterer, M. C., Jakob, T. F., & Hassepass, F. (2021). Long-term results of cochlear implantation in children with congenital single-sided deafness. European Archives of Oto-Rhino-Laryngology, 278(9), 3245–3255. https://doi.org/10.1007/s00405-020-06409-6
- Park, L. R., Gagnon, E. B., & Dillon, M. T. (2023). Factors that influence outcomes and device use for pediatric cochlear implant recipients with unilateral hearing loss. Frontiers in Human Neuroscience, 17, Article 1141065. https://doi.org/10.3389/fnhum.2023.1141065
- Lorens, A., Obrycka, A., Ratuszniak, A., Skarzynski, P. H., & Skarzynski, H. (2026). Assessment of benefits of cochlear implantation in children with single-sided deafness. Ear & Hearing, 47(1), 20–30. https://doi.org/10.1097/aud.0000000000001721
წყაროები
MED-EL
Miriam
დაგეხმარათ ეს სტატია?
მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდით
მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.
გთხოვთ, დატოვეთ თქვენი შეტყობინება ქვემოთ.
მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
ველი აუცილებელია
John Doe
ველი აუცილებელია
name@mail.com
ველი აუცილებელია
What do you think?
© MED-EL Medical Electronics. ყველა უფლება დაცულია. საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იყოს მიღებული როგორც სამედიცინო რჩევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სმენის სპეციალისტს, რათა გაიგოთ რომელი საჭიროებაა თქვენთვის განკუთვნილი. ყველა პროდუქტი, მითითება ან ფუნქცია არაა ყველა ქვეყანაში დამტკიცებული.
MED-EL
Miriam
MED-EL
Miriam