MED-EL, Miriam
გამოქვეყნებულია Nov 26, 2026
კოხლეარული იმპლანტი და ტინიტუსი — შესაძლებელია თუ არა ყურებში ხმაურის შემცირება?
ტინიტუსი ყურებში ხმაურის სამედიცინო სახელწოდებაა. ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს: ზარის, წრიპინის, გუგუნის, შრიალის, შიშინის ან სხვა ხმოვანი შეგრძნების სახით. უმეტეს შემთხვევაში, ამ ხმას რეალური გარეგანი წყარო არ გააჩნია და ის თავისთავად წარმოიქმნება.
კვლევების მიხედვით, ტინიტუსი ნორმალური სმენის მქონე ადამიანების დაახლოებით 10–15%-ს აწუხებს. ასაკის მატებასთან ერთად მისი გამოვლენის ალბათობაც იზრდება — 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში ყურებში ხმაურს დაახლოებით 30% აღნიშნავს. თუმცა, ტინიტუსი განსაკუთრებით ხშირია სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებში და სმენის დარღვევის მქონე პაციენტების დაახლოებით 85%-ს აღენიშნება.
ტინიტუსი საკმაოდ რთული სამედიცინო პრობლემაა, რადგან ის არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას, არამედ შესაძლოა ხელს უშლიდეს სმენასა და მეტყველების გარჩევასაც. შეუძლია თუ არა კოხლეარულ იმპლანტს ყურებში ხმაურის შემცირება? ამის შესახებ ჩვენს ბლოგში მოგიყვებით.
ტინიტუსის გამომწვევი მიზეზები
ტინიტუსი ორ ძირითად ტიპად იყოფა:
- სუბიექტური ტინიტუსი — შემთხვევათა დაახლოებით 95%-ში გვხვდება. ხმას მხოლოდ თავად პაციენტი აღიქვამს და მისი მოსმენა სხვა ადამიანს არ შეუძლია.
- ობიექტური ტინიტუსი — შემთხვევათა დაახლოებით 5%-ს შეადგენს. ამ დროს ხმოვანი ფენომენის დაფიქსირება შესაძლებელია სხვა ადამიანისთვისაც, ზოგჯერ კი მაღალი მგრძნობელობის მიკროფონის საშუალებითაც. ობიექტური ტინიტუსი, როგორც წესი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლძარღვების, სახსრების ან კუნთების ფუნქციურ დარღვევებთან.
ყურებში ხმაური სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს. მათ შორისაა:
- სმენის დარღვევები: სმენის მწვავე ან ქრონიკული დაქვეითება, ასაკთან დაკავშირებული სმენის გაუარესება და ხმაურით გამოწვეული სმენის დაზიანება. ეს ტინიტუსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
- ოტოტოქსიკური მედიკამენტების მიღება: ისეთი პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა დააზიანონ სმენის ორგანო. მათ შორისაა ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალება და მარყუჟოვანი დიურეტიკი.
- შიდა და შუა ყურის დაავადებები: ოტოსკლეროზი, მენიერის დაავადება, მწვავე და ქრონიკული შუა ყურის ანთება.
- ნევროლოგიური მიზეზები: თავის ტვინის სმენითი უბნების მომატებული აქტივობა და სმენის დაკარგვის შემდეგ ნეირონების აქტივობაში განვითარებული ცვლილებები.
- კისრის ტრავმები და დაავადებები: კისრის მალების დეგენერაციული ცვლილებები და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციური დარღვევები.
- ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და შიდა ყურის სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
- ფსიქოლოგიური ფაქტორები: სტრესი, შფოთვა და ძილის დარღვევა.
ამ ეტაპზე მეცნიერებს ბოლომდე არ აქვთ დადგენილი, რატომ აღიქვამს ადამიანი ყურებში ხმაურს მაშინ, როდესაც რეალური ხმოვანი წყარო არ არსებობს.
არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც ამ მოვლენას ხსნის:
- ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, სმენის დაქვეითების შედეგად თავის ტვინის სმენითი უბნების აქტივობა იზრდება. თითქოს ტვინი, რომელსაც არასაკმარისი ხმოვანი ინფორმაცია მიეწოდება, თავად იწყებს ხმოვანი სიგნალების წარმოქმნას. ამ მექანიზმს კომპენსატორული ჰიპერაქტივობის თეორია ეწოდება.
- სხვა მონაცემების მიხედვით, სმენითი აღქმის დაქვეითება იწვევს ლოკოკინაში (კოხლეაში) ნეირონების აქტივობის ცვლილებას.
თუ ტინიტუსის განვითარება სმენითი ინფორმაციის არასაკმარის მიღებას უკავშირდება, მაშინ ხმოვანი ინფორმაციის მიწოდების გაზრდამ შესაძლოა ნეირონული აქტივობის სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი და, შედეგად, ყურებში ხმაური შეამციროს ან ზოგიერთ შემთხვევაში სრულად გააქროს.
როგორ მოქმედებს კოხლეარული იმპლანტი ტინიტუსზე?
როგორც კვლევები აჩვენებს, კოხლეარული იმპლანტი ტინიტუსზე შესაძლოა სწორედ ხმოვანი ინფორმაციის აღდგენის გზით მოქმედებდეს. ის ხმოვან სიგნალებს გადასცემს სმენის ნერვულ უჯრედებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სუბიექტური ტინიტუსის შემცირებას უწყობს ხელს.
1976 წლიდან ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოხლეარული იმპლანტი ყოველთვის ვერ აქრობს ყურებში ხმაურს სრულად, მას შეუძლია მისი ინტენსივობის მნიშვნელოვნად შემცირება. მას შემდეგ კოხლეარული იმპლანტაციის ეფექტიანობის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებები კიდევ უფრო გაიზარდა.
რას აჩვენებს კვლევები?
- 2011 წლის კვლევა: კვლევაში მონაწილეობდა ცალმხრივი სიყრუისა და ტინიტუსის მქონე კოხლეარული იმპლანტის 26 მომხმარებელი. იმპლანტაციის შემდეგ, 1, 3, 6, 12, 18 და 24 თვის განმავლობაში, პერიოდულად ფასდებოდა ყურებში ხმაურის ინტენსივობა. კვლევის დასრულებისას 26-ვე მონაწილემ აღნიშნა ტინიტუსის მნიშვნელოვანი შემცირება, ხოლო 4 მონაწილეს აუდიოპროცესორის გამოყენებისას ხმაური სრულად უქრებოდა.[1]
- 2015 წლის კვლევა: კვლევაში მონაწილეობდა MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტაციის სისტემის 28 მომხმარებელი, რომელთაგან 13-ს ტინიტუსი აღენიშნებოდა. იმპლანტაციამდე მონაწილეები ყურებში ხმაურის ინტენსივობას საშუალოდ 104-დან 48.8 ქულით აფასებდნენ. იმპლანტაციისა და სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ კი საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1.75 ქულამდე შემცირდა.[2]
- 2024 წლის კვლევა: კვლევაში მონაწილეობდა 323 ადამიანი, რომელთაგან 211-ს ტინიტუსი აღენიშნებოდა. იმპლანტაციამდე ტინიტუსის მქონე პაციენტებს მეტყველების გარჩევა უფრო უჭირდათ, აღენიშნებოდათ შფოთვის მაღალი დონე და ძილის პრობლემები. კოხლეარული იმპლანტის ერთი წლის განმავლობაში გამოყენების შემდეგ ყურებში ხმაურის ინტენსივობა 58%-ით შემცირდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეტყველების გარჩევის უნარი და შემცირდა შფოთვის დონეც.[3]
- 2024 წლის მეტაანალიზი: კვლევა, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო კვლევის შედეგებს აერთიანებს, მოიცავდა 28 კვლევასა და კოხლეარული იმპლანტის 853 მომხმარებელს. ყველა გაანალიზებულ კვლევაში გამოვლინდა, რომ კოხლეარული იმპლანტაციის შემდეგ ტინიტუსის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა.[4]
რამდენ ხანში მცირდება ყურებში ხმაური?
ტინიტუსი კოხლეარული იმპლანტის ჩადგმის ან აუდიოპროცესორის გააქტიურებისთანავე არ ქრება.
სმენითი რეაბილიტაციის მსგავსად, სმენის სისტემის ახალ პირობებთან ადაპტაციასაც გარკვეული დრო სჭირდება. კვლევების მიხედვით, ყურებში ხმაურის ინტენსივობა, როგორც წესი, მცირდება და სტაბილურ მაჩვენებელს აუდიოპროცესორის გააქტიურებიდან დაახლოებით 3–6 თვეში აღწევს.
კვლევების მიხედვით, კოხლეარული იმპლანტაციის შემდეგ ტინიტუსის ინტენსივობა, როგორც წესი, მცირდება იმ პაციენტებშიც, რომლებსაც იმპლანტაციამდე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აწუხებდათ ყურებში ხმაური.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოხლეარული იმპლანტაცია ტინიტუსის შემცირების გარანტიას არ იძლევა. შედეგები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სმენის მდგომარეობასა და სხვა კლინიკურ ფაქტორებზე. იმპლანტაციის მიზანშეწონილობა ყოველთვის სპეციალისტის შეფასების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.
გამოყენებული ლიტერატურა
- Punte AK, Vermeire K, Hofkens A, et al. (2011). Cochlear implantation as a durable tinnitus treatment in single-sided deafness. Cochlear Implants International, 12(1): 26–29. doi: 10.1179/146701011X13001035752336
- Távora-Vieira D, Marino R, Acharya A. (2015). The Impact of Cochlear Implantation on Speech Understanding, Subjective Hearing Performance, and Tinnitus Perception in Patients with Unilateral Severe to Profound Hearing Loss. Otology & Neurotology, 36(3): 430–436. doi: 10.1097/MAO.0000000000000707
- Wang, Q., Kapolowicz, M. R., Li, J. N. et al. (2024). A prospective cohort study of cochlear implantation as a treatment for tinnitus in post-lingually deafened individuals. Communications Medicine, 4, 274. https://doi.org/10.1038/s43856-024-00692-8
- Li Y, Yang H, Niu X, Sun Y. (2024). The Long-Term Effect of Cochlear Implantation on Tinnitus: A Systematic Review and Meta-Analysis. Diagnostics, 14(18). doi: 10.3390/diagnostics14182028
წყაროები
MED-EL
Miriam
დაგეხმარათ ეს სტატია?
მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდით
მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.
გთხოვთ, დატოვეთ თქვენი შეტყობინება ქვემოთ.
მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
ველი აუცილებელია
John Doe
ველი აუცილებელია
name@mail.com
ველი აუცილებელია
What do you think?
© MED-EL Medical Electronics. ყველა უფლება დაცულია. საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იყოს მიღებული როგორც სამედიცინო რჩევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სმენის სპეციალისტს, რათა გაიგოთ რომელი საჭიროებაა თქვენთვის განკუთვნილი. ყველა პროდუქტი, მითითება ან ფუნქცია არაა ყველა ქვეყანაში დამტკიცებული.
MED-EL
Miriam
MED-EL
Miriam